საკვერცხეების კისტა

საკვერცხეების კისტა

  საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც მოთავსებულია საკვერცხის ზედაპირზე. ყალიბდება თხელ გარსში მოთავსებული ლორწოს ან სისხლის საშუალებით. ასეთი კისტები ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის. 

 

განასხვავებენ ორი სახის კისტას:

  • ფუნქციური კისტა - რომელიც მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება. ასეთი წარმონაქმნები საშიში არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს
  • პათოლოგიური კისტა - ის შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე შეიცავდეს ავთვისებიან წარმონაქმნად გარდაქმნის საშიშროებას. ისინი არ არიან დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან და ძირითადად მენოპაუზის პერიოდში იჩენს თავს. 

 

  ზომის მიხედვით კისტა შეიძლება იყოს წვრილი მარცვლოვანი და დიდი ფორთოხლის ზომამდე გაზრდილი. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკული რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს კისტად მიიჩნევა. იმ შემთხვევაში თუ საკვერცხის კისტის დიამეტრმა 5 სმ-ს გადააჭარბა საჭირო ხდება მისი ქირურგიული მეთოდით მოშორება. 

 

  საკვერცხის კისტის წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორის შეიძლება იყოს: ჰორმონალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის ადრე დაწყება, ანთებები და ინფექციები, აბორტები, სექსუალური ცხოვრების არარსებობა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. 

 

  დაავადება ძირითადად უყურადღებოდ რჩება, რადგან სიმპტომები რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ჰგავს სხვა დაავადების ნიშნებს. 

 

აუცილებელია ყურადღება მიექცეს გამოვლინებებს:

  • სისხლდენა საშვილოსნოდან რომელიც დაკავშირებული არ არის მენსტრუაციასთან
  • მენსტრუალური დარღვევები
  • გართულებული დაორსულება
  • ყრუ ტკივილი ან ქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში
  • მტკივნეული სექსუალური კონტაქტი
  • შებერილობა და მუცლის გაზრდა (როდესაც კისტა დიდი ზომის ხდება)
  • გახშირებული შარდვა.

 

  ხშირ შემთხვევებში კისტები ჩნდება და თავისით ქრება, ან მცირე ზომის არის და პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება, რომ გართულებების თავიდან არიდება მოხდეს. კისტა შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს სისხლდენა, ან შემოეხვიოს საკვერცხეს და მისი სისხლით მომარაგება შეაფერხოს. იშვიათად მაგრამ კეთილთვისებიანი კისტის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნაც მოსალოდნელია. 

 

  საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა იწყება ექიმ-გინეკოლოგის კონსულტაციით, რომელიც ვიზუალურად დათვალიერების და ანამნეზის შესწავლის შემდეგ შეარჩევს კვლევის მეთოდებს. 

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა დაავადების დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა. ახდენს კისტის ვიზუალიზებას და ადგენს მდებარეობას
  • ლაპარასკოპიული მეთოდით ხდება ბიოფსიის ჩატარება. მასალის აღებით დგინდება კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია თუ ავთვისებიანი
  • ტარდება კომპიუტერული და მაგნიტო - რეზონანსული ტომოგრაფია - როდესაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა
  • სისხლის ტესტები  ონკო-მარკერებზე - ხდება ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრა

 

  მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და მენოპაუზის პერიოდზე. ქირურგიული ჩარევა საჭირო არის იმ შემთხვევაში თუ კისტა იზრდება ზომაში და არ გაიწოვება, არ რეაგირებს მედიკამენტურ მკურნალობაზე. როდესაც არსებობს ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის რისკი, მდებარეობს საკვერცხის შიგნით ან არის პათოლოგიური წარმონაქმნი. 

 

  პრევენციისთვის აუცილებელია ყოველ 6-8 თვეში ერთხელ მოხდეს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება და ექოსკოპიური დათვალიერება