ექსუდაციური ოტიტი

ექსუდაციური ოტიტი

შუა ყური არის ჰაერით ამოვსებული სივრცე რომელიც უკავშირდება ცხვირ-ხახას ევსტახის მილით. ეს წვრილი მილი უზრუნველყოფს თანაბარი ატმოსფერული წნევის შექმნას დაფის აპკის ორივე მხარეს.

 

თუ ბავშვი დაძახებაზე არ რეაგირებს, ან ტელევიზორის ხმას უმატებს, მიზეზი შეიძლება იყოს - სითხე ყურში ანუ, შუა ყურის ექსუდაციური ოტიტი. 

 

პრობლემები ჩნდება მაშინ როდესაც ევსტახის მილი დახშულია. ეს შეიძლება მოხდეს მილის დაბლოკვით ან შეშუპებით (გაციების დროს). დახშული ევსტახის მილი აღარ ატარებს ჰაერს დაფის ღრუში და აპკის უკან ვითარდება ვაკუუმი. წარმოიქმნება უარყოფითი წნევა რომელიც სითხეს ღრუში ქაჩავს. დროთა განმავლობაში ეს სითხე შეიძლება გახდეს წებოვანი, ბლანტი და გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, ყურის დაგუბება და დისკომფორტის შეგრძნება. 

 

შუა ყურის ექსუდაციური ოტიტი ძირითადად 10 წლამდე ბავშვებში გვხვდება და დაახლოებით 10-დან 8 ბავშვს უვითარდება.

 

დაავადება როგორც წესი მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გახდეს. 

 

მკურნალობის ქირურგიული მეთოდი გულისხმობს დაფის ღრუდან სითხის ამოქაჩვას, ასევე პატარა მილის, შუნტის ჩატოვებას რომელიც ხელს უწყობს დაფის ღრუს ვენტილაციას და წნევის გათანაბრებას აპკის ორივე მხარეს. 

 

გართულებების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია სიმპტომების ან ეჭვის გაჩენისთანავე მოხდეს ექიმთან კონსულტაცია და პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება.