რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში

რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში
რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში

  რკინადეფიციტური ანემია, ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. რკინა შედის ჰემოგლობინის და ფერმენტების შემადგენლობაში, პასუხისმგებელია იმუნური და ნერვული სისტემის, ასევე კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. 

 

  საყურადღებოა ის ფაქტი რომ, ასაკში შეძენილი რკინის დეფიციტის გართულებების გარეშე მოგვარება შესაძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევებში. არსებობს მოსაზრება რომ 3 წლის ასაკამდე ბავშვებში უმკურნალებელი რკინის დეფიციტი აუცილებლად დატოვებს კვალს და მათი IQ აღარ იქნება ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ნორმალურ პირობებში.

 

  რკინადეფიციტური ანემია კლინიკური ნიშნების მიხედვით შესამჩნევია და მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება სიმპტომებს, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა სახით უვლინდებათ. ესენი შეიძლება იყოს: კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე, სიყვითლე, გონებრივი და ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა, კბილების კარიესი, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ადვილად დაღლა, თმის ცვენა, ფრჩხილების გათხელება და მტვრევადობა, შუილი ყურებში, უმადობა, გემოს ცვლილება - რაც ვლინდება არასაკვები ნივთიერებების მოთხოვნილებით და სხვა. 

 

  არსებობს რკინის დეფიციტის წარმოქმნის სამი გზა, როცა კუჭ-ნაწლავის მიერ ვერ ხდება რკინის შეწოვა, საკვები არ არის რკინით გამდიდრებული და სისხლის დაკარგვის შემთხვევები.

 

  ახალშობილებში რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: 

  • რკინის დეფიციტი ორსულობის დროს
  • პლაცენტის უკმარისობა
  • გართულებები მშობიარობის დროს, სისხლდენები და სხვა
  • კვებისმიერი რკინის დეფიციტი, როდესაც პატარა ხელოვნურ კვებაზეა და არაადაპტირებული რძის ნარევებით ან საქონლის რძით იკვებება.

 

  გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ რკინის დეფიციტი არ ნიშნავს ჰემოგლობინის ნაკლებობას. შესაძლებელია ჰემოგლობინი ნორმაში იყოს მაგრამ სისხლში რკინის რაოდენობა ძალიან შემცირდეს. 

 

  რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა სისხლის ანალიზის საშუალებით მარტივად ხდება. მას შემდეგ რაც დადგინდება ნაკლებობის დონე, ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის კურსს. ინიშნება რკინის პრეპარატები როგორც აბების ასევე ნემსების სახით და შესაძლებელია დაემატოს პოლივიტამინები. რკინის ნაკლებობასთან ერთად ხშირია ვიტამინების და მინერალების დეფიციტიც. ამიტომ მათი აღდგენა კომპლექსურად ხდება და თან ძლიერდება რკინის ათვისების უნარი. 

  პრევენციისთვის აუცილებელია ბავშვმა რკინით მდიდარი საკვები მიიღოს. მითია ის ფაქტი რომ ვაშლი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. სინამდვილეში ხილისა და ბოსტნეულისგან რკინის შეწოვა ნაკლებად ხდება. მეტი რაოდენობით შეიწოვება ხორცისგან. 

 

  რკინით მდიდარი პროდუქტებია: საქონლის ღვიძლი, ენა, თირკმელები, კვერცხის გული, წიწიბურა, ზღვის კომბოსტო, კაკალი, ისპანახი და ატამი.

 

  ორგანიზმს რკინის შეწოვაში ეხმარება: ვაშლი და მჟავე პროდუქტები. ხოლო შეწოვას ეწინააღმდეგება - ჩაი, ძმარი, მჟაუნა და ზოგიერთი კონსერვანტი.

 

გახსოვდეთ. მკურნალობის შემდგომ განმეორებითი კვლევა და ყოველწლიური მეთვალყურეობა აუცილებელია.