დიაბეტი

დიაბეტი

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა. ვითარდება მაშინ, როცა პანკრეასი - კუჭქვეშა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან სათანადოდ ვერ იყენებს მას. 

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი მონელების პროცესში მიღებული საკვების უმეტესი ნაწილს გლუკოზად გარდაქმნის, რომელსაც სხეულის ყველა უჯრედი იყენებს ენერგიის წყაროდ. გლუკოზას უჯრედებში შესაღწევად სჭირდება ჰორმონი ინსულინი. დიაბეტის დროს, რადგან ინსულინის ცვლა დარღვეულია გლუკოზა ვერ აღწევს უჯრედებში და გროვდება სისხლში დიდი რაოდენობით. ეს კი ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

განასხვავებენ პირველი და მეორე ტიპის დიაბეტს. ორივე შემთხვევაში დაავადება ხასიათდება სისხლში მომატებული შაქრის დონით. 

რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები და მოზარდები. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს: გარემო ფაქტორებმა და ვირუსულმა ინფექციებმა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას. გარდა ამისა საყურადღებო ფაქტორებია:

  • ჭარბწონიანობა
  • ქოლესტერინის დონის დისბალანსი
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება
  • ასაკის მატება (45 წელი და ზემოთ). 

შაქრიანი დიაბეტი იწვევს სისხლძარღვების, თვალების, თირკმელების, გულის და ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებებს. 

დაავადების სიმპტომებია:

  • შიმშილის და წყურვილის გამძაფრებული შეგრძნება
  • მხედველობის დაქვეითება
  • თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი დაზიანება
  • საერთო სისუსტე 
  • წონაში კლება
  • ხშირი შარდვა
  • ნერვული სისტემის დაზიანება
  • თირკმელების დაზიანება
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

დიაბეტი უმეტესად ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ხშირია შემთხვევები როდესაც დიაგნოზის დასმა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური კვლევების შემდეგ ან დიაბეტის მიერ გამოწვეული დაავადებების დიაგნოსტიკის პროცესში. სათანადო მართვის გარეშე დიაბეტმა შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია და პერიოდული პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება. დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას ადგენს ექიმი ინდივიდუალურად დიაგნოზიდან გამომდინარე.

პრევენციის მიზნით აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა: სწორი კვება, მოწესრიგებული ძილი და ფიზიკური აქტივობა.