ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია

ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა და მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა არის დამოკიდებული. თუ მისი ფუნქციონირება დაქვეითებულია, მცირე რაოდენობით ხდება თირეოიდული ჰორმონის გამომუშავება და ვითარდება ჰიპოთირეოზი ამ დროს ნელდება ნივთიერებათა ცვლა. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია, ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონს და ვითარდება ჰიპერთირეოზი. რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას. 

ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ორი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. დაავადების გამოვლინება ინდივიდუალურია და უმეტეს  შემთხვევაში არ ახლავს სიმპტომები, ან მისი გამოვლინება ძალიან ჰგავს სხვა დაავადების ნიშნებს, ამიტომ ხშირად დიაგნოსტიკის გარეშე რჩება. თუმცა არსებობს ცვლილებები რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ესენია:

  • სისუსტე, დაღლილობა ან ძილიანობა
  • კუნთების და სახსრების ტკივილი
  • მეხსიერების გაუარესება
  • წონაში მატება ან კლება
  • კანის სიმშრალე, თხელი და მტვრევადი თმა
  • გაძლიერებული ოფლიანობა
  • მენსტრუალური დარღვევები
  • დეპრესია
  • სიცივის ან სითბოს აუტანლობა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია ჩატარდეს ორი ტიპის კვლევა: ექოსკოპიური დათვალიერება და ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა. კვანძების არსებობის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი ინსტრუმენტული კვლევები: ბიოფსია - ციტოლოგია და სხვა.

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები 8-ჯერ უფრო ხშირია ქალებში მამაკაცებთან შედარებით. დაავადების გამოვლენაც ქალებისთვის უფრო სტრესული და საყურადღებოა, რადგან ძირითადად აისახება გარეგნობაზე: წონის მატების ან შემცირების, თმის ცვენის, მოცულობის შემცირების, მტვრევადობის, კანის სიმშრალის, თვალების ირგვლივ უბნების შეშუპების და ჩაშავების სახით. ქალბატონები ცდილობენ გარეგანი მოხმარების საშუალებების გამოყენებით მოაგვარონ ეს პრობლემები, რაც არასწორი მიდგომაა. 

მკურნალობის გარეშე დატოვებული ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებში გადაიზარდოს და გამოიწვიოს გართულებები.  მნიშვნელოვანია მოხდეს სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ინდივიდუალური სქემის შედგენა. დროული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური მკურნალობა გართულებების თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.